„სიენენი“ - აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელი ფაქტობრივად დათანხმდა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების ექვსი კვირით შეჩერებას და „ჰამასის“ პასუხს ელოდება
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელი ფაქტობრივად დათანხმდა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების ექვსი კვირით შეჩერებას და „ჰამასის“ პასუხს ელოდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ტელეკომპანია „სიენენს“ განუცხადა.
გავრცელებული ცნობით, ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს შესაძლებელი გახდება „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირებიდან ყველაზე დაუცველების გათავისუფლება, საუბარია ქალებზე, მოხუცებსა და დაჭრილებზე. ამავე დროს ღაზის სექტორში მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს.
ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შემუშავებულია შეთანხმების ჩარჩო, რომელსაც ისრაელი მეტ-ნაკლებად ეთანხმება, ხოლო „ჰამასი“ ჯერ კიდევ ადგენს იმ მძევლების სიას, რომელთა გათავისუფლებასაც დათანხმდება.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დაწყებამდე ელოდება.