„სიენენი“ - აშშ-ის ხელისუფლებამ დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო ინფორმაცია, რომ ირანი შესაძლოა, მის ლიკვიდაციას ამზადებდეს
„სიენენი“ - აშშ-ის ხელისუფლებამ დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო ინფორმაცია, რომ ირანი შესაძლოა, მის ლიკვიდაციას ამზადებდეს

აშშ-ის ხელისუფლებამ დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო ინფორმაცია, რომ ირანი, შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტის ლიკვიდაციას ამზადებდეს. ინფორმაცია საიდუმლო სამსახურს გადაეცა, რის შედეგადაც დონალდ ტრამპის დაცვა გაძლიერდა.

ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.

როგორც „სიენენი“ წერს, აღნიშნული ფაქტი აჩენს კითხვებს უსაფრთხოების სამსახურის ხარვეზებთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც „სიენენი“ ანონიმური წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ მეთიუ კრუქსი, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, ირანთან არის დაკავშირებული.

ანალოგიური განცხადება აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმაც გააკეთა.

„ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოძიებამ ვერ დაადგინა კავშირები მსროლელსა და რომელიმე თანამონაწილეს შორის, უცხოელსა თუ ადგილობრივს შორის“, – განაცხადა უოტსონმა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ბატლერში მიტინგის დაწყებამდე საიდუმლო სამსახური და ტრამპის საარჩევნო შტაბი საფრთხის შესახებ ინფორმირებული იყვნენ.

„კომენტარს არ ვაკეთებთ პრეზიდენტ ტრამპის უსაფრთხოების დეტალებზე. ყველა შეკითხვა უნდა იყოს მიმართული ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურისკენ“, – ნათქვამია საარჩევნო შტაბის განცხადებაში.

გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ უარყო ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ირანის მონაწილეობა.

„ეს ბრალდებები არის დაუსაბუთებელი და მავნე. ირანის გადმოსახედიდან, ტრამპი არის დამნაშავე, რომელიც უნდა დაისაჯოს და დაისაჯოს სამართლებრივად“, – აღნიშნულია განცხადებაში.