„სიენენი“ - აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები მხარს დაუჭერენ კამალა ჰარისს, თუ ჯო ბაიდენი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის
„სიენენი“ - აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები მხარს დაუჭერენ კამალა ჰარისს, თუ ჯო ბაიდენი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები საარჩევნო კამპანიაში მხარს დაუჭერენ კამალა ჰარისს, თუ ჯო ბაიდენი საკუთარ კანდიდატურას მოხსნის. ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ცნობით, შიდა გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, სულ მცირე, უფრო სასარგებლო იქნებოდა საარჩევნო რბოლასა და დემოკრატიული ენთუზიაზმის გასაძლიერებლად.

ამავდროულად, ბაიდენის თანაშემწეები ამბობენ, რომ ქვეყნის პრეიზდენტი აპირებს კამპანიაში დაბრუნებას მომავალ კვირას, როგორც კი „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელდება. ამერიკული მედია წერს, რომ უფრო ადვილია იმ ადამიანების დათვლა, ვინც კვლავ მხარს უჭერს პრეზიდენტს, ვიდრე მათი, ვინც ფიქრობს, რომ ბაიდენმა უარი უნდა თქვას ხელახლა არჩევაზე.

სენატორი ელიზაბეტ უორენი აღნიშნავს: „ჯო ბაიდენი ჩვენი კანდიდატია, მაგრამ ის, რაც ახლა დიდ იმედს მაძლევს, არის ის, რომ თუ პრეზიდენტი ბაიდენი გადაწყვეტს უკან დახევას, ჩვენ გვყავს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც მზადაა, მხარი დაუჭიროს პარტიის გაერთიანებას, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდეს და ნოემბერში გაიმარჯვოს“.

ამასთან, როგორც ამერიკული მედია წერს, 32-მა დემოკრატმა კონგრესმენმა და ოთხმა სენატორმა საჯაროდ მოუწოდეს ბაიდენს, არ მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ „პარტიის წევრები და სტრატეგები მიიჩნევენ, რომ იმ ადამიანთა რეალური რაოდენობა, ვისაც ბაიდენის განზე გადადგომა სურს, გაცილებით მეტია“.