სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტების საძებნელად, NASA ახალი კოსმოსური ტელესკოპის აგებას იწყებს — #1tvმეცნიერება
სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტების საძებნელად, NASA ახალი კოსმოსური ტელესკოპის აგებას გეგმავს.
მას „სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტების ობსერვატორია“ ერქმევა და ალბათ სულ მცირე ათი წლის შემდეგ ვიხილავთ, მაგრამ NASA-მ უკვე დაიწყო მისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობა.
შემდეგი თაობის ოპტიკის, მისიის დიზაინისა და ტელესკოპის სხვა დეტალებზე 17,5 მლნ დოლარის ოდენობის კონტრაქტები უკვე გაფორმდა სამ კომპანიასთან. სამუშაოები 2024 წლის ზაფხულის ბოლოს უნდა დაიწყოს.
სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტების ობსერვატორია (HWO) არის დიდი კოსმოსური ტელესკოპის მისია, რომლის მთავარი მიზანიც მზის მსგავს ვარსკვლავებთან დედამიწის მსგავს პლანეტათა პირდაპირი გადაღება იქნება.
შეეძლება მათი ატმოსფეროს შესწავლა, სადაც მოძებნის სიცოცხლის ნიშნების ქიმიურ ხელწერებს. მისია ჯერ ძლიერ ადრეულ ეტაპზეა, სამუშაო ჯგუფები სამეცნიერო მიზნებს აყალიბებენ და მათი მიღწევის გზებს ეძებენ.
ეგზოპლანეტათა ამჟამინდელ კვლევებზე დაყრდნობით მიჩნეულია, რომ ყოველ ხუთ ვარსკვლავში ერთს, გარშემო ორბიტაზე სავარაუდოდ აქვს დედამიწის მსგავსი პლანეტა.
რა თქმა უნდა, სამყაროში სიცოცხლის ძებნის მთელი რეცეპტი ეფუძნება იმას, რომ ეს სიცოცხლე გარკვეულწილად ჩვენსას უნდა ჰგავდეს. არ არის გამორიცხული, არსებობდეს სრულიად სხვანაირ ქიმიაზე დაფუძნებული სიცოცხლე, მაგრამ გაცილებით მარტივია ვეძებოთ ჩვენნაირი სიცოცხლე, ვიდრე რაღაც სრულიად განსხვავებული.
ტელესკოპი მოძებნის ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა ჟანგბადი და მეთანი, ასევე სხვა ისეთ ხელწერებს, რომლებმაც იქ სიცოცხლის არსებობაზე უნდა მიუთითოს.
2024 წლის იანვარში, NASA-მ შეთავაზებათა მიღება დაიწყო ამ ტელესკოპისათვის საჭირო მოწინავე ტექნოლოგიებისთვის.
შეიძლება თხოვნა მარტივად ჟღერდეს, მაგრამ საჭიროა მართლაც უმძლავრესი ტექნოლოგიები. მაგალითად, არსებულზე ათასობით უფრო მძლავრი კორონოგრაფი, რომელიც დედავარსკვლავთა სინათლეს დაბლოკავს; ასევე ოპტიკური სისტემა, რომელიც დაკვირვებების დროს ატომის სიგანის სიზუსტით სტაციონარული უნდა იყოს.
პირველი ფაზის შემდეგ, NASA-მ სამი შეთავაზება აარჩია და 17,5-მილიონ დოლარიანი კონტრაქტებიც გააფორმა. შეგახსენებთ, რომ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის აგება და გაშვება 16 მილიარდი დოლარი დაჯდა.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.