სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შსს-ში ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას, რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, თუმცა ისინი თავის მხრივ აპირებენ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ ინფორმაცია მუქარებთან დაკავშირებით, რომელიც მათ მიიღეს.

„შსს-მ გამოკითხვაზე დაგვიბარა მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ საჯარო სივრცეში არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ საერთოდ არაფერი არ ვიცოდით ამ საქმესთან დაკავშირებით. მათ ტელეფონით გვაცნობეს, რომ ჰქონდათ გამოძიება დაწყებული ჩემი და მაკას შესაძლო ლიკვიდაციის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ მუქარები ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მხრიდან. გონივრული ვადა უკვე გავიდა, მაინტერესებს, დაიწყო თუ არა ოპერატიულად ამ საქმესთან დაკავშირებით ძიება, რადგან ყველა იურისტი თანხმდება, რომ ის განცხადებები, რომელიც გაკეთებული იყო ბატონი წიკლაურის მიერ საჯარო სივრცეში, წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამოძიების დასაწყებად და იკვეთება დანაშაულის სავარაუდო ნიშნები. ვნახავთ ახლა, გაივლის თუ არა ტესტს შსს, რისი იმედიც არ მაქვს, რომ მათ მოტივაციას წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების დაცვა, მიუხედავად იმისა, ვინ დგას სავარაუდო დანაშაულის უკან და არის თუ არა ეს ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. ჩვენზე თავდასხმა და განეიტრალება, ჩვენი გამომძიებელი ჟურნალისტების, დღეს იმ საჯარო მუქარებიდან გამომდინარე, რომელსაც ვხედავთ, რა თქმა უნდა, შედის „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესებში, რადგან უშუალო მუქარები მივიღეთ მათი ოჯახის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის მხრიდან. ეს იყო ღია მუქარა ჩვენი ოჯახის წამებასთან დაკავშირებით, ეს იყო საჯარო განცხადება. ამის შესახებ არა მარტო ქართული მედია, არამედ უცხოელი პარტნიორები იქნებიან ინფორმირებულები და მიმდინარეობს კომუნიკაცია უკვე მათთან, მედიაუფლებათა დამცველებთან უცხოეთში”, – აცხადებს ნოდარ მელაძე.

რაც შეეხება კითხვას, თუ შესთავაზებენ მას სახელმწიფო დაცვას, დათანხმდება თუ არა ამ შეთავაზებას, ამ კითხვაზე მელაძე ამბობს, რომ კონსულტაციას ჯერ იურისტთან გაივლის.

ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის თქმით, მას აინტერესებს, დაიკითხა თუ არა ლევან მამალაძე აღნიშნულ საქმეზე, რადგან ჩიხლაძის თქმით, მათგან ბევრ ინფორმაციას ვერ მიიღებენ.

„მსგავსი მუქარა, რაზეც ნოდარმა ისაუბრა, პირადად ჩემი მისამართით არ ყოფილა. რაც შეეხება ამ გამოძიებას, ვფიქრობ, რომ ეს არის მაინც ფორმალურად დაწყებული ამბავი, რადგან ნოდარმა ვიდრე არ გააკეთა რამდენიმე მოწოდება ეთერში, რატომ არ იწყება ამ საქმეზე გამოძიებაო, იქამდე არ დაწყებულა. მე მაინტერესებს თავად ლევან მამალაძე თუ დაკითხეს და რას ეყრდნობოდა ის, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა, რადგან ჩვენი დაკითხვით რეალურად ბევრს ვერაფერს მიიღებენ“,- განაცხადა მაკა ჩიხლაძემ.

ადვოკატის განცხადებით, ისინი გაეცნობიან, რა სახის საფრთხეებზეა საუბარი.

„არ ვიცი, რა კითხვები ექნება გამოძიებას. ვიცით, რა ფაქტზეა გამოძიება დაწყებული. ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულება, თუ როგორ უნდა წარიმართოს გამოძიება და მოწმეთა დაკითხვა. გავაცნობთ ამას გამოძიებას. ჯერ გვაინტერესებს, მოვისმინოთ მათგან, როგორ არის და რა არის. ჩვენ ვიცით დაწყებული გამოძიება ტელესიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ტელეკომპანია „იმედში“ გავიდა, თუმცა არის სხვა ფაქტებიც, რაზეც ნოდარიც საუბრობდა, როცა გარკვეული განცხადებები სოციალურ ქსელში აღქმული იქნა როგორც მუქარა. ამაზეც გვაინტერესებს, არის თუ არა დაწყებული რაიმე მოქმედება. უფრო სრულყოფილ პასუხებს გაგცემთ როცა გამოვალ შენობიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულება, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი“,- აცხადებს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, ლევან მამალაძემ „ფეისბუქში“ გაავრცელა მიმართვა, სადაც ამბობს, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით და ამ გეგმის გეგმის მიხედვით, როგორც მამალაძე ამბობს, სააკაშვილი ესაუბრება ზურაბ ადეიშვილს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციას გეგმავდა.

რაც შეეხება გამოძიებას, შსს-ში ამბობენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო ძიება სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზე.