სიცივეს სასარგებლო ეფექტი აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
სიცივეს სასარგებლო ეფექტი აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

დაბალი ტემპერატურა შეიძლება გულს ვერ გვითბობდეს, მაგრამ შეიძლება, დიდხანს სიცოცხლეში გვეხმარებოდეს.

აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა ამ დამაინტრიგებელი ფენომენის მიღმა არსებული რამდენიმე მიზეზი გამოკვეთა. ამჯერად კი, კიოლნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჭიაყელებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი გამოავლინეს: სიცივე იწვევს პროცესს, რომლის წყალობითაც, დაზიანებული ცილები უჯრედიდან გამოიდევნება.

რამდენიმე ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც სიბერეში გვემართება, მათ შორის ალცჰაიმერი და პარკინსონი — დაკავშირებულია ცუდი ცილების დაგროვებასთან; შესაბამისად, იმის აღმოჩენა, თუ როგორ მოქმედებს დაბალი ტემპერატურა ამ პროცესზე, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ დაავადებათა პოტენციურად შენელების ან შეჩერების გზების საპოვნელად.

სიცივეში ჯდომა თერაპიის გზა ალბათ მალე ვერ გახდება, მაგრამ იმ პროცესების შესწავლა, რასაც სიცივე იწვევს, შეიძლება მიზანმიმართული მკურნალობის მეთოდის შექმნაში დაგვეხმაროს.

„უკიდურესად დაბალი ტემპერატურა საზიანოა, მაგრამ სხეულის ტემპერატურის ზომიერმა შემცირებამ შეიძლება სასარგებლო გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეგრძელობაზე სიცივის ეფექტების შესახებ საუკუნის წინაც იყო ცნობილი, ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს დაბალი ტემპერატურა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ჯანმრთელობაზე“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

მკვლევრებმა ცდები ჭიაყელა Caenorhabditis elegans-ზე და ლაბორატორიაში კულტივირებულ ადამიანის უჯრედებზე ჩაატარეს; აღმოჩნდა, რომ სიცივე ამიოტროფული გვერდითი სკლეროზისა (ALS) და ჰანტინგტონის დაავადების ცხოველ და უჯრედულ მოდელებში აკუმულირებული ცილების გროვების გამოდევნას იწვევს.

ეს პროცესი განხორციელდა სტრუქტურების, სახელად პროტეასომების მეშვეობით, რომლებიც ცილების ნარჩენებს ანადგურებს; უფრო კონკრეტულად კი ადამიანებში აღმოჩენილი ჭიაყელას პროტეასომის აქტვატორი PA28γ/PSME3-ის ვერსია. აქტივატორს ტემპერატურის მხოლოდ ზომიერი კლება დასჭირდა ასამუშავებლად და პოტენციურად საშიში ცილების გროვის გასასუფთავებლად.

ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ ჭკვიანური გენეტიკურ ინჟინერიით შესაძლებელია პროტეასომების გააქტიურება და იმავე შედეგის მიღწევა სიცივის გარეშე. ეს კი აჩენს ისეთ მედიკამენტთა შესაძლებლობას, რომლებიც ამ პროტეასომა აქტივატორებს მუშა მდგომარეობაში შეინარჩუნებს სხეულის ტემპერატურის მიუხედავად.

„ერთად აღებული, ეს შედეგები აჩვენებს, ევოლუციის მსვლელობასთან ერთად, როგორ შეინარჩუნა სიცივემ საკუთარი გავლენა პროტეასომის რეგულირებაზე, რასაც თერაპიული გავლენები აქვს სიბერეზე და მასთან დაკავშირებულ დაავადებებზე“, — ამბობს კიოლნის უნივერსიტეტის ბიოლოგი დევიდ ვილჩესი.

ნამდვილად ამაღელვებელი აღმოჩენაა. შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ჭიაყელა C. elegans-ს ადამიანთან ბევრი აქვს საერთო, მათ შორის ცილების შეჯგუფების გზებიც (ამ ჭიაყელას კვლევებში ხშირად იყენებენ, რადგან ჩვენ გარკვეული მნიშვნელოვანი გენეტიკური მსგავსებები გვაქვს).

დაბალ ტემპერატურასა და დაბერებას შორის კავშირის შესახებ კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი. ადამიანის სხეულის საშუალო შინაგანი ტემპერატურა ბოლო ათწლეულებში სტაბილურად მცირდება. მაგალითად, შესაძლოა, სწორედ ამან მოახდინა გავლენა სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე.

როდესაც უფრო დეტალურად შეისწავლიან, თუ რა განაპირობებს ასეთ ურთიერთქმედებას, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ პროტეასომის აქტივატორი PA28γ/PSME3 შეიძლება ჯანმრთელად დაბერების ერთ-ერთი გზა გახდეს.

კვლევა Nature Aging-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია portal.uni-koeln.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.