სიცილიის სანაპიროსთან ძლიერი შტორმის შემდეგ ჩაიძირა 56-მეტრიანი იახტა Bayesian-ი. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
მაშველებმა 15 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათგან რვა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი, ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ყველა გადარჩენილი სტაბილურ მდგომარეობაშია.
„ქარი ძალიან ძლიერი იყო. ცუდი ამინდი იყო მოსალოდნელი, მაგრამ არა ასეთი მასშტაბით“, – განუცხადა „როიტერს“ სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა პალერმოში.
ჯამში, იახტაზე, რომელიც ბრიტანეთის დროშის ქვეშ ცურავდა, იმყოფებოდა 22 ადამიანი: ეკიპაჟის ათი წევრი და 12 მგზავრი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და კანადის მოქალაქეები.
ცნობილია, რომ გემის ნამსხვრევები აღმოჩენილია დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე, მყვინთავები აგრძელებენ დაკარგული ადამიანების ძებნას.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება დაუკავშირდა ადგილობრივ მთავრობას ინციდენტთან დაკავშირებით და მზადაა, გაუწიოს საკონსულო დახმარება დაზარალებულ ბრიტანელებს.