ე.წ. ლენჯერის კლასტერთან დაკავშირებული შვიდივე პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჯორჟოლიანის განცხადებით, კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა ლენჯერს უკავშირდება, მათგან ხუთი ერთი ოჯახის წევრია.
„შვიდი დადებითი პასუხი მოგვივიდა. ვირუსი იმ ოჯახებში დაფიქსირდა, სადაც აქამდეც იყო დადასტურებული შემთხვევები. ხუთი ერთი ოჯახის წევრია, ორი ადამიანიც ერთი ოჯახიდან არის. ყველა შემთხვევა ლენჯერის თემშია, სადაც წინაზეც იყო დადასტურებული“, – განაცხადა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა.
მისივე განმარტებით, ლენჯერში მოსახლეობის გამოკვლევა გრძელდება.
„დღეს ისევ ვმუშაობთ ლენჯერის თემში. გვინდა, მაქსიმალურად მოვიცვათ მოსახლეობა და ზუსტად გავარკვიოთ, თუ სადმე კიდევ გვაქვს შემთხვევა, რომ მაქსიმალურად დროულად მივხედოთ. მესტიაში დაგვრჩა ერთი ოჯახი, რომელიც დღეს გაიტესტება. დაბა მესტიაში, სხვა ოჯახებში, რომლებიც კონტაქტები იყვნენ, განმეორებითი ტესტირების დროს არც ერთი შემთხვევა არ აღმოჩნდა.
თვითონ ის პირები, რომლებსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და მათ კონტაქტები არ ჰყავთ. სახლებში იყვნენ, პროდუქტებს და ყველა საჭირო ნივთს, ჩვენ თავად ვაწვდიდით“, – აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.