შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის მიმართ განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება
გორის რაიონული სასამართლო შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის მიმართ განაჩენს სავარაუდოდ დღეს გამოიტანს.
ბრალდებული არასრულწლოვნის მეუღლის ნათესავები სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს.
„უამრავი ფაქტი და მტკიცებულება აქვს სასამართლოს, რომ ეს დაგეგმილი დანაშაულია დედის მხრიდან. სასჯელის უმაღლესი ზომა თუ არ იქნება გამოყენებული, პარლამენტთან შვილმკვდარი მამებს შევუერთდებით. ჩვენ ველოდებით, რომ უმაღლესი ზომა იქნება გამოყენებული“,- განაცხადა მოკლული ბავშვის ბებიამ, ნონა დვალიშვილმა.
ბრალდებულის უფლებებს ოჯახის მიერ აყვანილი კერძო ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი იცავს.
სამართალდამცავებმა 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავეს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.