შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ გამოაცხადა.

„სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა რვა წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით“, – განაცხადა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.

სამართალდამცავებმა 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავეს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობდა.