შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა Credit Suisse-მ აშშ-ის სანქციების გამო, რუსეთთან დაკავშირებული ხუთი მილიარდი დოლარი გაყინა
შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა Credit Suisse-მ აშშ-ის სანქციების გამო რუსეთთან დაკავშირებული ხუთი მილიარდი დოლარი გაყინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, Credit Suisse-ის მსგავსი ნაბიჯი ადასტურებს, რომ ბანკები შეშფოთებული არიან ვაშინგტონის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომებით „შავ სიაში“ შესულ რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მათი თანამშრომლობისთვის. შვეიცარიულ ბანკს რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას თვითმფრინავები ეკუთვნოდა, ის ასევე ვიქტორ ვექსელბერგთან თანამშრომლობდა.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამგვარმა ნაბიჯებმა რუსულ ელიტას შესაძლოა, დაფინანსების მნიშვნელოვანი არხი დააკარგვინოს, ასევე დაუხუროს მილიარდობით რუბლის ოდენობის ქონების უსაფრთხო საცავი.
„Credit Suisse მუშაობს საერთაშორისო მარეგულირებლებთან, რათა უზრუნველყოს სანქციების დაცვა, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ“, – აღნიშნა შვეიცარიული ბანკის პრესმდივანმა. თუმცა კომპანიაში არ დაუსახელებიათ იმ პირთა ვინაობა, ვისი ანგარიშებიც გაყინეს.