შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს სავაჭრო ცენტრში თავდასხმა მოხდა, პროკურატურა ტერორიზმს არ გამორიცხავს
შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, სავაჭრო ცენტრში ქალმა დანით ორი ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ტიჩინოს კანტონის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ფედერალური პროკურატურა მომხდარში ტერორიზმის კვალს არ გამორიცხავს.
თავდამსხმელი 28 წლის ქალი ადგილობრივი მცხოვრები, შვეიცარიის მოქალაქეა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
ერთ-ერთ დაშავებულს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე დაშავებულს მსუბუქი დაზიანება აქვს. ორივე დაშავებული ქალია.
ტიჩინოს კანტონის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა, ნორმან გობიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ შვეიცარია მშვიდობიანი ქვეყანაა და ტიჩინო უსაფრთხო ადგილია.
„კიდევ ერთი მიზეზი, რომ მკაცრად დავგმოთ ექსტრემიზმით მოტივირებული ეს აბსურდული ძალადობა, რომლისთვისაც არ არის ადგილი ჩვენს საზოგადოებაში“, – აღნიშნა გობიმ.
მომხდარს მალევე გამოეხმაურა ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი, რომელმაც ლუგანოში მომხდარს „ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.
„ვგმობ დღევანდელ ისლამისტურ ტერორისტულ თავდასხმას ლუგანოში. ჩემი ფიქრები დაშავებულებთანაა და მათ სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ამ რთულ საათებში შვეიცარიის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ერთობლივად გავცემთ პასუხს ისლამისტურ ტერორიზმს ევროპაში და დავიცავთ ჩვენს ღირებულებებს“, – დაწერა სებასტიან კურცმა „ტვიტერში“.
მიმდინარე თვის დასაწყისში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტერორისტული თავდასხმისას ოთხი ადამიანი დაიღუპა.