შვეიცარიის გლობალური პრობლემების ინსტიტუტი - სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენებაზე ბრალდებები ხშირ შემთხვევაში სავაჭრო ნაკადების ცვლილებების შესახებ საეჭვო, ნაჩქარევი დასკვნებითაა გამოწვეული
შვეიცარიის გლობალური პრობლემების ინსტიტუტი - სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენებაზე ბრალდებები ხშირ შემთხვევაში სავაჭრო ნაკადების ცვლილებების შესახებ საეჭვო, ნაჩქარევი დასკვნებითაა გამოწვეული

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენების შესახებ ბრალდებები ხშირ შემთხვევაში სავაჭრო ნაკადების ცვლილებების შესახებ საეჭვო და ნაჩქარევი დასკვნებითაა გამოწვეული, – ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის გლობალური პრობლემების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიზეზებს ეხება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების დაწესების შემდეგ ხშირად ისმის ბრალდებები, რომ საქართველოს გავლით ამ სანქციების გვერდის ავლა ხდება.

„თუმცა სავაჭრო მონაცემებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის შესწავლა მიუთითებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვისა და საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის ზრდა შეიძლება აიხსნას უწყინარი მოვლენებით, და თუ სანქციების გვერდის ავლა მოხდება კიდეც, ამას უმნიშვნელო მასშტაბი ექნება“, – ნათქვამია ანგარიშში.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა მართლაც გაიზარდა, თუმცა, ავტორთა თქმით, სავაჭრო მონაცემები ცხადყოფს, რომ საქმე ეხება საქართველოს მიერ რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელს და არა საქართველოს მიერ რუსეთში განხორციელებულ ექსპორტს.

ამასთან ერთად, პუბლიკაციის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმ ტვირთების ტიპებზე, რომლებიც საქართველოდან რუსეთში გადის და აღნიშნავენ, რომ ამ ტვირთების დიდი უმრავლესობა უვნებელია. ძირითადად საუბარია ისეთ პროდუქციაზე, როგორებიცაა საკვები პროდუქტები და სასმელები.

„ტვირთების ერთადერთი კატეგორია, რომელსაც საქართველო რუსეთში აგზავნის დიდი მოცულობით და თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს შეშფოთება, ეს არის ფეროშენადნობები. თუმცა როგორც ჩატარებული კვლევა და სავაჭრო მონაცემები აჩვენებს, ფეროშენადნობების საქართველოდან რუსეთში ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად შემცირდა, რაც ეწინააღმდეგება წარმოდგენას, თითქოს სანქციების გვერდის ავლის ბიზნესი ყვავის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოდან რუსეთში ხვდება გარკვეული რაოდენობის ორმაგი დანიშნულების ტვირთები, როგორებიცაა მექანიკური და ტექნიკური კომპონენტები, თუმცა კვლევით დადგინდა, რომ ასეთი ტვირთის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ტვირთის სამხედრო მიზნით გამოყენება მოხდებოდა, მაინც ვერ გამოუთხრიდა ძირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რიგ შემთხვევებში საქართველოში კომპანიები და ინდივიდუალური პირები შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ დასავლეთიდან იმპორტირებული ტვირთი, შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლით რუსეთში გაედინებოდეს, თუმცა მონაცემების დეტალური შესწავლის შედეგ საეჭვო ნიშნები არ გამოვლინდა. კონკრეტულად ეს ეხებოდა ბრალდებას, რომ საქართველოში ამერიკული მიკროჩიპების იმპორტის ზრდა იმის მანიშნებელია, თითქოს ამ პროდუქციის რუსეთში რეექსპორტი სანქციების გვერდის ავლით ხდება, თუმცა, კვლევის ავტორთა თქმით, ეს ზრდა აიხსნება საქართველოს იმპორტის პანდემიამდელ ნიშნულთან დაბრუნებით.

შვეიცარიის გლობალურ საქმეთა ინსტიტუტი (SIGA) ატარებს, მხარს უჭერს და ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ კვლევებს გეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.