შვეიცარიის ფედერალური საბჭო - შვეიცარია არ აღიარებს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს
შვეიცარიის ფედერალური საბჭო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტების არაღიარების შესახებ. საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შვეიცარია არ გასცემს შენგენის ვიზას და არ დაუშვებს შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთას რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტით უკრაინისა და საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ჩვეულებრივი და დიპლომატიური პასპორტები, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვები და მეზღვაურის პირადობის მოწმობები არ იქნება აღიარებული“, – ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში.
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისთვის არ იქნება აღიარებული დოკუმენტები სხვადასხვა თარიღის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, თუ როდის იყო ისინი ოკუპირებული რუსეთის მიერ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთისთვის კი თარიღი 2008 წლის 26 აგვისტოა.
„მიუხედავად შეზღუდვებისა, ვიზები შეიძლება, გაიცეს ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ეროვნული ინტერესების ან საერთაშორისო ვალდებულებების მიზეზით”, – განაცხადა შვეიცარიის ხელისუფლებამ.
ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტმა 2022 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინასა და საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა დაამტკიცა. 2022 წ ლის დეკემბერში კი საბოლოოდ დაამტკიცა ევროკავშირის საბჭომ.