შვედეთის პრემიერი-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანამ ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფრენეციაზე გააკეთა.
როგორც შვედეთის მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ შვედი ხალხი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ანდერსონის თქმით, როდის გაგზავნის შვედეთი ნატო-ში ოფიციალურ განაცხადს, ჯერ უცნობია, რადგან ამის გაკეთებას ის ფინეთთან ერთად აპირებს.
შვედეთისთვის ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან ქვეყანა 200 წელია, თავს არიდებდა სამხედრო ალიანსებში შესვლას.
„პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ ჩვენ გავმართეთ მთავრობის დამატებითი სხდომა და ამ სხდომაზე მივიღეთ ორი გადაწყვეტილება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ რუსეთს, რომ შვედეთს სურს ალიანსის წევრობა და რომ შვედეთის ელჩი ნატო-ში უახლოეს ხანში შეატყობინებს ამის შესახებ ალიანსს. ამასთან ერთად, ჩვენ შევთანხმდით, მივიღოთ კანონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, კრიზისის შემთხვევაში, მივიღოთ სამხედრო დახმარება ნატო-სა და ევროკავშირის ყველა წევრისგან. ჩვენი ანგარიშის მიხედვით, რომელსაც მხარს უჭერს 8-დან 6 პარტია, თუ შვედეთი შევა ნატო-ში, სამხედრო კონფლიქტების რისკი შემცირდება და ამ ნაბიჯს შემაკავებელი ეფექტი ექნება ჩრდილოეთ ევროპაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნატო-ს შვედეთი და ფინეთი ერთად შეუერთდებიან. ნატო-ში შესვლის შედეგად ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებას განამტკიცებს, არამედ წვლილს შეიტანს ბალტიის ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და ზოგადად ნატო-ს გაძლიერებაში“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან ერთად, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის შიშობს, რომ ქვეყანა გარკვეულწილად დაუცველი დარჩება ნატო-ში გაწევრების განაცხადის გაკეთებიდან, მისი ალიანსში მიღაბამდე დროის მონაკვეთში, რაც შეიძლება დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდეს.
სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფრენეციაზე ასევე ისაუბრა შვედეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ულფ კრისტენსენმა, რომელიც აგრეთვე უჭერს მხარს ნატო-ში შვედეთის შესვლას.
როგორც ცნობილია, ნატო-ში შვედეთის გაწევრების გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ „მემარცხენეთა პარტია“ და „მწვანეები“.
ამასთან ერთად, შვედეთს არ სურს ქვეყნის ტერიტრიაზე ბირთვული იარაღის განთავსება და არც ნატო-ს მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება შვედეთმა და ფინეთმაც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მიიღეს.