შვედეთმა და პოლონეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში რუსეთთან თამაშზე უარი განაცხადეს #1TVSPORT
შვედეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უარი თქვას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე, მიუხედავად იმისა, სად გაიმართება შეხვედრა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შვედეთმა მიმართა ფიფა-ს – გააუქმოს პლეი ოფის მატჩები რუსეთის მონაწილეობით.
„უკანონო და ძალიან არასამართლიანია უკრაინაში შეჭრა და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ყველანაირი საფეხბურთო ურთიერთობა რუსეთთან. ამიტომაც მოვუწოდებთ ფიფა-ს – გააუქმოს პლეი ოფის მარტის თამაშები, რომელშიც რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფიფა, ჩვენ არ ვაპირებ მარტში რუსეთის წინააღმდეგ თამაშს.
არ გვინდა გვჯეროდეს, რომ ფიფა ყურად არ იღებს ჩვენს მოწოდებას. სანამ ეს სიგიჟე გრძელდება, რუსეთი არ უნდა მონაწილეობდეს მატჩებში.
მორალური მოსაზრებების გარდა, ასევე ისმის შეკითხვა – რამდენად იქნება გარანტირებული უსაფრთხოება რუსეთის მონაწილეობით მატჩებში, თუნდაც ნეიტრალურ მოედნებზე“, – განაცხადა შვედეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა კარლ-ერიკ ნილსონმა.
უფრო ადრე ანალოგიური განცხადება გააკეთა პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ცეზარი კულეშმა. მისი თქმით, პოლონეთის ნაკრები არ აპირებს რუსეთის ნაკრებთან თამაშს შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალში.
„საკმარისია სიტყვები, მოქმედების დროა! რუსეთის ფედერაციის აგრესიის ესკალაციასთან დაკავშირებით, პოლონეთის ნაკრები არ აპირებს პლეი ოფის მატჩის ჩატარებას რუსეთის წინააღმდეგ. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“, – დაწერა „ტვიტერში“ კულეშმა.
მანვე დაამატა, რომ კარგად იციან სავარაუდო სასჯელის შესახებ და მზად არიან მიიღონ ტექნიკური მარცხი. „რუსული აგრესია ძალიან შორს წავიდა და უკვე ძალიან გვიანაა ჩვენი პოზიციის შეცვლა“, – თქვა კულეშმა.
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალში რუსეთმა პოლონეთს უნდა უმასპინძლოს, შვედეთმა – ჩეხეთს. წყვილებში გამარჯვებულები 29 მარტს, ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.