შვედეთის თავდაცვის მინისტრი - ვიმედოვნებთ, გავხდებით ნატო-ს წევრები და ეს არა კვირების, არამედ დღეების საკითხი იქნება
შვედეთის თავდაცვის მინისტრი პალ ჯონსონ უნგრეთის მიერ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების განაცხადზე ხელმოწერას პოზიტიურ მოვლენად აფასებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გავხდებით წევრები და ეს არა კვირების, არამედ, იმედია, დღეების საკითხი იქნება. ეს კარგი იქნება შვედეთისთვის და კარგი იქნება ნატო-სთვის. შვედეთის სრულფასოვანი წევრობა ნატო-ში მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში სტაბილურობისთვის კარგი იქნება“, – აღნიშნა ჯონსონმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე უნგრეთის ახალმა პრეზიდენტმა, ტომას შუიოკმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა.
„დღეს პრეზიდენტმა ტომას შიუოკმა ხელი მოაწერა 2024 წლის 26 თებერვლის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ“, – ნათქვამია უნგრეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უნგრეთი ნატო-ს 31 წევრს შორის ბოლო იყო, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.