შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ
ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული ნორმებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობენ და ყველაფერს აკეთებენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ევროკავშირის წევრები გახდებიან, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ თავის გამოსვლაში განაცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ასოცირებისა და ინტეგრაციის ინსტრუმენტები შესთავაზოს ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლაში იმ მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებსაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ეფუძნება, რომლებიც ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებელი წინაპირობაა.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგი ორიენტირებული უნდა იყოს ისეთ პრიორიტეტებსა და საერთო ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია, მართლწესრიგი, ადამიანის უფლებები და თანაბარი შესაძლებლობები.
ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავრი მიზანი ადამიანებისთვის სწავლის, მუშაობისა და მოგზაურობის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება და, ამ გზით, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილების მოტანა უნდა იყოს.
მინისტრმა თითოეული პარტნიორის მიმართ დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი თითოეულ ქვეყანას მის მიერ მიღწეული პროგრესის მიხედვით უნდა აფასებდეს. ენ ლინდემ გამოსვლაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ ათი წლის განმავლობაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზეც ისაუბრა.
„როდესაც ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობამ თითოეულ პარტნიორ ქვეყანას მოუტანა, ჩვენ გვავიწყდება იმის აღიარება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ თავად ევროკავშირშიც მოახდინა ტრანსფორმაციაც. ევროკავშირი უკვე აღარ საუბრობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე, არამედ მათ ევროპელ პარტნიორებს უწოდებს“ – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში.
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით შვედეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.