შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე - მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, ვფიქრობთ, საქართველო დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება
შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე - მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, ვფიქრობთ, საქართველო დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს მიეკუთვნება

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის ანდრეას ნორლენის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან, შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ძალიან კარგი შეხვედრა შედგა, რომელზეც ისაუბრეს ევროპულ ინტეგრაციაზე და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განაცხადზე.

მისივე თქმით, შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას.

„ვიმსჯელეთ საქართველოს დემოკრატიის განვითარებაზე. შვედეთი ერთგულად უჭერს მხარს საქართველოში რეფორმების გაგრძელებას, რაც საჭიროა თქვენი ევროპული ინტეგრაციის წინ წასაწევად. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ ძალიან ღია ვართ ევროკავშირის გაფართოების საკითხზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო მიეკუთვნება დემოკრატიული, ევროპული ერების ოჯახს“, – განაცხადა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრეას ნორლენის განმარტებით, შეხვედრაზე განიხილეს ასევე რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ისაუბრეს სანქციების მნიშვნელობაზე.