შვედეთის მთავრობამ ტერორისტული საფრთხის დონე ოფიციალურად გაზარდა. შვედეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მედიას უსაფრთხოების პოლიციის ხელმძღვანელმა, შარლოტა ფონ ესენმა გააცნო.
ამიერიდან ქვეყანაში ხუთსაფეხურიანი შკალით ტერორისტული საფრთხის მეოთხე დონე ამოქმედდება.
მისი თქმით, ტერორისტული საფრთხის გაზრდა არ არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტულ მოვლენასთან და ის დაფუძნებულია უსაფრთხოების კუთხით არსებულ ზოგად სიტუაციაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია, უარესდება.
შვედეთის უსაფრთხოების პოლიცია მიიჩნევს, რომ შვედეთში გამართულმა აქციებმა, რომლებზეც ყურანი დაწვეს, შესაძლოა, შეუწყოს ხელი იმას, რომ ტერორისტებმა შვედეთი სამიზნედ განიხილონ.
დღესვე ტერორისტული საფრთხის დონე ასევე გაზარდა შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმაც.