შვედეთის ელჩი „თიბისი ბანკის“ საქმეზე - მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციას
შვედეთის ელჩი „თიბისი ბანკის“ საქმეზე - მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციას

საჭიროა, პატივი ვცეთ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციას, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი ასრულებს თავის ამოცანას, როგორც საბანკო სისტემის საზედამხედველო ორგანო.

„რა თქმა უნდა, ჩვენ „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს თვალს ვადევნებთ, ისევე როგორც ყველა. ვიცი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ასრულებს თავის ამოცანას როგორც საბანკო სისტემის საზედამხედველო ორგანო. ასე რომ, ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენებს, თუმცა არ გვაქვს პოზიცია ამ საკითხზე, რადგან მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციას“, – განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უწყების  ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.