შუასაუკუნეების ევროპა - შობისა და ახალი წლის ურჩხულები
შუასაუკუნეების ევროპა - შობისა და ახალი წლის ურჩხულები

გინახავთ ურჩხული, სიბნელეში ტყიდან რომ მიიზლაზნება დათოვლილი სოფლისკენ? ან დეკემბრის ბოლოს, თუნდაც იანვრის დასაწყისში წინასაახალწლო და საშობაო გირლიანდებით განათებულ ქალაქს თავს რომ დააცხრება ყვითელი თვალებითა და ბასრი კლანჭებით? ახლა ამის წარმოდგენა მხოლოდ ფილმშია შესაძლებელი, შუა საუკუნეების ევროპაში კი სჯეროდათ, რომ შობის ან ახალი წლის პერიოდში, გვიან ღამით ქალაქებსა და სოფლებში ადამიანებზე სანადიროდ ურჩხულები გამოდიოდნენ.

თითქმის ყველა ქვეყნის ფოლკლორში ამ ურჩხულებს განსხვავებული სახე და სახელი აქვთ, რომელთა წარმომავლობა წარმართულ რელიგიებსა და კერპთაყვანისმცემლობას უკავშირდება. შუა საუკუნეებში, შავი მაგიისა და ინკვიზიციის ხანაში, ამ მონსტრების სახელი ყველა ევროპელმა ბავშვმა იცოდა.  ფოლკლორული ლეგენდების თანახმად, ურჩხულები ადამიანებს თავს შობის წინა ღამეს, ან მომდევნო 13 დღის განმავლობაში ესხმოდნენ.

შობასთან ასოცირებულ ანთროპომორფულ მონსტრებს შორის ყველაზე ცნობილი, რომელმაც წარმართული ეპოქიდან შუა საუკუნეებამდე და შემდეგ უკვე თანამედროვე ეპოქამდე მოაღწია, ავსტრიული ფოლკლორის პერსონაჟი კრამპუსია. მას მოგვიანებით სანტა კლაუსის ბნელი ანტიპოდი უწოდეს.

შუა საუკუნეების ავსტრიაში ბავშვებს სწორედ კრამპუსით აშინებდნენ – ვინც კარგად იქცევა, მასთან სანტა კლაუსი მიდის, ცუდი ბავშვები კი კრამპუსს ჯოჯოხეთში მიჰყავსო. ლეგენდის თანახმად, უზარმაზარი ტანის, თეთრბეწვიანი, რქებიანი და ეშვებიანი დემონური არსება შობის წინა ღამეს ბავშვებს სახლიდან დაწნული გოდორით იტაცებდა. კრამპუსის მითი ავსტრიაში იშვა, თუმცა მოგვიანებით გერმანიის, ჩეხეთის, ხორვატიის, ჩრდილოეთ იტალიის, სლოვენიისა და სლოვაკეთის ტერიტორიებზეც გავრცელდა.

წარმართული ღვთაება ბერჩტა ადრეული შუა საუკუნეების ფოლკლორის გმირია.  ქრისტიანობის გავრცელებამდე ალპებში მას, როგორც ზამთრის ქალღმერთს, თაყვანს სცემდნენ. მოგვიანებით ბერჩტამ, იგივე პერჩტამ ახალი თვისებები შეიძინა. ლეგენდის თანახმად, ბატის ფეხებზე შემდგარი, გიგანტური თეთრსამოსიანი არსება ახალი წლის ღამეს ზარმაცების დასასჯელად კარდაკარ დადიოდა. ბერჩტა „უსაქმურებს“ მუცელს ქვებითა და ხის ტოტებით უვსებდა.

მე-10 საუკუნეში ეს არსება ახალი მითის პროტაგონისტად იქცა. შუა საუკუნეების სკანდინავიასა და გერმანიაში სწამდათ, რომ ტყეებში ზებუნებრივი ძალების მქონე არსებები – კუდიანები და ურჩხულები ბინადრობდნენ, რომელთაც ადამიანების წინააღმდეგ ამბოხება ჰქონდათ განზრახული. კუდიანებს გეკატა, ავსულებსბერჩტა ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ მიზნით, რაინდებმა მათზე ნადირობა გამოაცხადეს. ეს ლეგენდა ჩრდილოეთ ევროპაში ძველი ბერძნული და სკანდინავიური მითების შთაგონებით შეიქმნა.

ნორვეგიულ ფოლკლორში ნისე და შვედურში – ტომტე პატარა ტანის არსებაა, ჯუჯა, რომელიც მიწისქვეშეთში ცხოვრობს. იგი კეთილშობილ ადამიანებზე მზრუნველ არსებად მიიჩნევა, თუმცა თუ ვინმე გააბრაზებს, შობის მეორე დღეს შურის საძიებლად მის სახლს სტუმრობს. ფოლკლორში ტომტე მსუნაგი ჯუჯაა, რომელსაც გულის მოსაგებად სახლის კართან ტკბილეულს უტოვებდნენ. ვინც მას ნამცხვრით არ გაუმასპინძლდებოდა, ჯუჯა, სპეციალური შხამის საშუალებით, უკურნებელი სენით აავადებდა. სწორედ ტომტეს, იგივე ნისეს უკავშირდება ევროპაში საახალწლო დეკორაციებში ჯუჯის ფიგურების გამოყენება. ამბობენ, იმ სახლში, სადაც ტომტე მის მსგავს ფიგურას იპოვის, ბედნიერებას უსურვებსო.

ბელსნიკელი ერთ-ერთი ყველაზე „ახალგაზრდა“ მონსტრია არსებულ საშობაო და საახალწლო ურჩხულებს შორის, რომლსაც გერმანული ფესვები აქვს, თუმცა მისი სახელი მე-19 საუკუნის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მისწვდა. ლეგენდაში სოფელ-სოფელ მოხეტიალე ბელსნიკელი იმ ბავშვებთან მიდის, ვინც მთელი წლის განმავლობაში ცუდად სწავლობდა. იმდროინდელ პენსილვანიაში ყვებოდნენ, რომ გამურული სახით და დაფლეთილი ტყავის ტანსაცმლით შემოსილი ბელსნიკელი ბავშვებს ხის ჯოხით სცემს, შემდეგ კი სახლიდან ნამცხვარს ან ღვეზელს იპარავსო. 1872 წელს პენსილვანიაში სიმღერაც კი დაიწერა:

„გზაზე მოდის ბელსნიკელი,

ძველისძველი ტანსაცმლით,

შავი სახით, ხელში ზარით

და თან დააქვს მოპარული

თხილი, ნუში, ნამცხვარი“.

მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში პენსილვანიაში ინგლისურ ენაში ჟარგონად Belsnicking („ბელსნიკელობა“) დამკვიდრდა, რაც სმასა და ჩხუბს აღნიშნავდა.

საშობაო მონსტრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და საშიშია გრილა, რომელიც ისლანდიურ მითოსში მე-17 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. იგი გოლიათი კაციჭამია ქალია – დემონი, რომელიც ახალშობილებზე ნადირობდა. ლეგენდის თანახმად, გრილას 13 ჯუჯა შვილი ჰყავდა, რომლებიც დედის „შავ საქმეებს“ ასრულებდნენ. გრილასა და მის ვაჟებს გიგანტური შავი კატაც ემსახურებოდა. იგი ახალ წელს იმ მონადირეებს ჭამდა, ვისაც გრილას ან მისი შვილების მოკვლა ერთხელ მაინც უცდია.

ისლანდიაში სჯეროდათ, რომ გრილა დიმუბორგირის ველზე მდებარე შავ სასახლეში ცხოვრობს და ყველაზე მეტად ვერცხლის ჯვრის ეშინია. ისლანდიური მითოსის მიხედვით, დიმუბორგირი ის ადგილია, სადაც სატანამ დედამიწაზე ფეხი პირველად დადგა.

საახალწლო და საშობაო მონსტრების ნიღბებს თანამედროვე ევროპაში ადგილობრივ ლეგენდებთან შერწყმული შობის დღესასწაულის დროს დღესაც იყენებენ. ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ყოველ წელს შობის წინა პერიოდში ქუჩებში კრამპუსის ფორმაში გადაცმულ ადამიანებს ხშირად შეხვდებით, რომლებიც შუა საუკუნეების თქმულებებს აცოცხლებენ.