შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვარდნილმა ნიაღვარმა გზის სავალ ნაწილზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა
თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე უამინდობის გამო პრობლემებია. შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვარდნილმა ნიაღვარმა გზის სავალ ნაწილზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამასთან, ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
როგორც პირველ არხს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განუცხადა, საგზაო სამმართველო და მერიის ზედამხედველობის სამსახური გზის აღნიშნულ მონაკვეთს ასუფთავებენ და რამდენიმე საათში, საავტომობილო მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი იქნება.
შსს-ს ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილის ჩაკეტვის გამო, კახეთის მიმართულებით გადაადგილება თბილისი-ბაკურციხე-თელავის მაგისტრალითაა შესაძლებელი.