აჭარის მაღალმთიანეთში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში დღეს ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი და ახალი ინვენტარითაა აღჭურვილი.
სასწავლო დაწესებულებაში ბიბლიოთეკა და კომპიუტერების კაბინეტიც მოეწყო. აშენდა სპორტული დარბაზი. პროექტის ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც კეთილმოეწყო.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია. სასწავლო დაწესებულებაში 129 მოსწავლე და 33 პედაგოგია.
სკოლის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე დაესწრო.
„პედაგოგებისთვის უკეთესი პირობების შექმნა მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებითა და სახელფასო დანამატებით გამოიხატება. ქვეყნის წარმატებისთვის მთავარია განათლებული თაობა, რომელსაც არ შეეშინდება სიახლეების, რეფორმების და პროგრესის“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
სოფელ ფურტიოს სკოლის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო და დაახლოებით მილიონი ლარი დაიხარჯა. შუახევში კიდევ ორი საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.