შუახევში სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყით დატვირთული ავტომანქანა გააჩერეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები.
მოქალაქე, რომელსაც ხე-ტყე სარეალიზაციოდ გადაჰქონდა, აცხადებს, რომ მას ყველა საჭირო საბუთი და ნებართვა აქვს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსის, მიხეილ მარგალიტაძის განცხადებით, მოქალაქის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში რეგლამენტის დარღვევა დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს ერთწლიანი ვადა ამოწურული აქვს.
„მოქალაქე ახორციელებდა ფიცრის ტრანსპორტირებას, რომელზეც წარმოადგინა წარმოშობის დოკუმენტი. დოკუმენტი იყო რეგლამენტის დარღვევით, რაზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები გაატარებენ შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს“, – აღნიშნა მიხეილ მარგალიტაძემ.