შტორმმა გერმანიასა და ნიდერლანდებში აეროპორტების მუშაობა შეაფერხა და გზებზე ქაოსი გამოიწვია
გერმანიასა და ნიდერლანდებში შტორმმა აეროპორტების მუშაობა შეაფერხა და გზებზე ქაოსი გამოიწვია. BBC-ის ინფორმაციით, ნიდერლანდებში ძლიერი ქარის გამო მუშაობა შეაჩერა სხიპხოლის აეროპორტმა.
ქარის სიჩქარე 140 კმ/ს აღწევს. ნიდერლანდების უმეტეს რაიონებში შეწყვეტილია ასევე სარკინიგზო მიმოსვლა. ამსტერდამიდან აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ალმერეს ცენტრში შეჩერებულია ტრანსპორტის მოძრაობა. ძლიერი ქარის გამო გზებზე 17 სატვირთო მანქანა გადატრიალდა.
ამჟამად შტორმი გერმანიის აღმოსავლეთ მხარეს მიემართება. ქარიშხალი უკვე დაატყდა გერმანიის დასავლეთ ნაწილს. ქვეყანაში უამინდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ოთხი. რურის მიწაზე შეწყდა მატარებლების მიმოსვლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უამინდობამ ავტომაგისტრალებზე ქაოსი გამოიწვია.
ბევრ გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წაქცეული ხეების გამო შეფერხებულია. ჩრდილოეთ რაინის-ვესტფალიის მიწაზე სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Deautsche Bahn-მა ყველა მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა. აეროპორტებში გაუქმდა ათობით ავიარეისი.