შტორმმა იტალიაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
შტორმმა „ბორისმა“ იტალიაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
იტალიის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონში, ემილია-რომანიაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ემილია-რომანიასა და მარკეს რეგიონებში მომდევნო 24-36 საათის განმავლობაში შტორმის შესახებ გაფრთხილებაა გამოცხადებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონში დღეს ყველა სკოლა დახურულია. მოსახლეობას ურჩევენ, თავი შეიკავონ მგზავრობისგან და, შესაძლებლობის ფარგლებში, სახლიდან იმუშავონ.
კასტელ ბოლონიეზეს მერმა განაცხადა, რომ სიტუაცია „მნიშვნელოვნად აღემატება ყველაზე უარეს პროგნოზებს“ და მოუწოდა რაიონის მცხოვრებლებს, გადავიდნენ თავიანთი სახლების ზედა სართულებზე. მეწყრების გამო რეგიონებში ჩაკეტილია გზებიც.
ცნობისთვის, ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. შტორმ „ბორისის“ შედეგად ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და რუმინეთში წყალდიდობაა. შვიდი ადამიანი დაიღუპა რუმინეთში, შვიდი – პოლონეთში, ხუთი – ავსტრიაში, ოთხი კი – ჩეხეთში.