შსს - თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ყველა პირი დადგენილია, ასევე იდენტიფიცირებულია გარდაცვლილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ყველა პირი დადგენილია, ასევე იდენტიფიცირებულია გარდაცვლილი.
„ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის შავშების მონაკვეთზე, სოფელ ნიგოზასთან გუშინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.