შსს ტატიშვილის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ვიდეომასალას ავრცელებს
სამართალდამცველებმა გუშინ, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებმა 1975 წელს დაბადებული ვ.წ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მარტს თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1957 წელს დაბადებულ გ.რ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. გ.რ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.