შსს-ში ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა
შსს-ში ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა.

ზაზა სარალიძისა და მისი ადვოკატის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, კითხვები ძირითადად გამოძიების პროცესთან დაკავშირებით მათ პრეტენზიებს უკავშირდებოდა.

„მივაწოდე ინფორმაციები გამოძიებასთან დაკავშირებით, რა დეტალებსაც მე ვფლობდი. მთავარი დარღვევა რაც არის, სად არის კალანდიას ტანსაცმელი? სისხლით მოსვრილი ტანსაცმელი, ეს არის უდიდესი კითხვა. დღეს მივაწოდეთ ეს კითხვები და ვნახოთ. ფარდულის დანგრევასაც შევეხებით, მაგრამ ჯერ ვისაუბრეთ ძირითად კითხვებზე. რაც მკვლელებს შეეხება, ვინ რა დააშავა, რომელმა გამომძიებელმა რა გადაცდომა ჩაიდინა და ვინ დაფარა, ამაზე ზეგ გაგრძელდება გამოკითხვა. კონკრეტული გვარები და სახელები დავასახელე. კითხვებს მე იქით ვსვამდი. ვისაუბრეთ ერთ-ერთი მკვლელის დანაზე, მეორე მკვლელის რაღაც გარემოებაზე, კალანდიაზე და რაღაც დეტალებზე, რაც დღეს მოვასწარით. ამ კითხვებზე თუ ჭეშმარიტ პასუხებს მივიღებთ, ჩათვალეთ, რომ საქმე გახსნილია“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, ზაზა სარალიძის გამოკითხვა 15 ივნისს გაგრძელდება.