შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების გამოკითხვა დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მოწმეების გამოკითხვა 13:00 საათიდან დაიწყება.
მოწმეები შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინაც გამოკითხეს. საგამოძიებო უწყებაში 51-ე საჯარო სკოლის ხუთი მოსწავლე და ერთი პედაგოგი იმყოფებოდა. ხუთივე არასრულწლოვანი ინციდენტის პერიოდში ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა. მათი გამოკითხვა ექვს საათს გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ 1-ელ ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.
მანამდე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდება.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.
ამავე საქმეზე სასამართლომ განაჩენი 31 მაისს სხდომაზე დაადგინა.
სასამართლოს განმარტებით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.