შსს-ში გამართული შეხვედრის მონაწილეები მოუწოდებენ მშობლებს, თავი შეიკავონ ბავშვების ასაკისთვის შეუსაბამო ფოტოებისა და ვიდეოების გასაჯაროებისგან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის და სწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მათივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით.
ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულს სჭირდება გრძელვადიანი მულტიდისციპლინური მუშაობა, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეისკონფერენცია გამართა.
შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ, როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.
მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.
ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებასა და განვითარებას.
შეხვედრის მონაწილეები აღნიშნულ ოჯახთან მუშაობის სტრატეგიასა და ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის საკითხებზე შეთანხმდნენ.