შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს
შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

როგორც უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მასთან ერთად მყოფი პირები საქართველოში მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ.

„აღნიშნული პირი არის აშშ-ის მოქალაქე. მას არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხებათ სხვა პირებს, ისინი მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ ქვეყანაში, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს კი პისიარტესტის ცნობა“,- განაცხადეს შსს-ში.

სასტუმრო „ვინოტელთან“ აქცია გრძელდება. ადგილზე აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან შეკრებილები, მათ შორის პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, ასევე „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები. ისინი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.

ამასთან, როგორც ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა განაცხადა, პოლიცია შესულია სასტუმროში და მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას.