შსს-ში აცხადებენ, რომ „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში საპატრულო პოლიცია პრევენციისთვის გამოიძახეს
თბილისში, „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში საპატრულო პოლიციის გამოძახება პრევენციის მიზნით მოხდა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, შეტყობინება უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ ოფისთან რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი, თუმცა როგორც შსს-ში განმარტავენ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ადგილზე მისვლისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ დადასტურდა. შედგა შესაბამისი ოქმიც.
„თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში საპატრულო პოლიცია დაახლოებით ერთი საათის წინ გამოიძახეს.
ორგანიზაციის წევრების მხრიდან განცხადება არავის გაუკეთებია, თუმცა ოფისში მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელიც სავარაუდოდ ხვალისთვის დაგეგმილ ღონისძიებას უკავშირდება.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოძრაობა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს აქციას გამართავდა.