შსს-ში აცხადებენ, რომ ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ, ღამით პოლიციამ 22 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ გვიან ღამით სამართალდამცველებმა 22 პირი დააკავეს. ყველა მათგანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე განხორციელდა.
დაპირისპირება ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე გაშლილი კარვების აღებისა და ქუჩის საავტომობილო ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნას მოჰყვა. სამართალდამცველები აცხადებდნენ, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირებული იყო და ქუჩის გადაკეტვის საჭიროება აღარ იდგა, რის გამოც მათ ტერიტორიის გათავისუფლება მოითხოვეს და აქციის მონაწილეებს დროც მისცეს. საპირისპიროს აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ კარვები გაფრთხილების გარეშე დაარბია და დაკავებები დაიწყო.
„აღნიშნული მონაკვეთი უნდა გათავისუფლებულიყო. სამანქანო გზის გადაკეტვა საჭიროებას არ წარმოადგენდა. ამის შესახებ პოლიციამ განუმარტა შეკრებილებს. ისინი არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და შესაბამისად მოხდა პირების დაკავება. იყო ხელის შეშლის ფაქტებიც,“ – განაცხადა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, დავით მაღრაძემ.
აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაშალეს. მათი განცხადებით, კარვებში დარჩებოდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანდნენ.