შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ექვსი და ქურდობის რვა ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, იმერეთსა და გურიაში ყაჩაღობის ხუთი ფაქტი გაიხსნა. ასევე გახსნილია ერთი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი იმერეთში და ქუთაისში ყაჩაღობის მომზადების ერთი ფაქტი. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
„კერძოდ, ამ უკანასკნელზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, რომლებიც ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქუთაისში საცხოვრებელ სახლში შეჭრას და ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია: ნიღბები, გადაჭრილი თოფი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები. გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია ქურდობის 8 ფაქტი, დაკავებულია 9 პირი. კერძოდ: იმერეთში – 2, აჭარაში – 2, შიდა ქართლში – 5. იმერეთში კი პოლიციამ ქურდობის ერთი ფაქტი აღკვეთა და 3 პირი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ბინიდან ნივთების მოპარავს ცდილობდნენ. თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. აჭარაში ქურდობისთვის დაკავებულ ორ პირს ბათუმში, ქობულეთში და ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლების ქურდობის არაერთ ფაქტში ედებათ ბრალი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას და თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.