შსს-ს წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „პრომეთეუსის“ შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – ვაჟა სირაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ეკატერინე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „პრომეთეუსის“ შემაჯამებელ კონფერენციაში.
შსს-ს ინფორმაციით, პროექტის დასკვნით ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში – კარლ ჰარცელი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – დიეგო კოლასი, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრები და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები.
ღონისძიების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას და ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე, შეაჯამეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების როლი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობების განვითარებაში, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და საზღვრის მართვის გაძლიერების მიმართულებით.
კონფერენციის დასასრულს, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – „პრომეთეუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ორგანიზაცია CIVIPOL-ის მიერ განხორციელდა.