შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტები ინტერპოლის „კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის“ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საერთაშორისო ექსპერტები – ირაკლი ვერულაშვილი და გიორგი უკლება ინტერპოლის გენერალური სამდივნოს „კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის“ (DVI) სამომავლო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსმა (მთავარმა ექსპერტმა), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ვერულაშვილმა და ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტმა, პოლიციის კაპიტანმა გიორგი უკლებამ წარმატებით გაიარეს ტრენინგი თემაზე „კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია“ (DVI).
„სწავლების დასრულების შემდეგ ქართველმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა საერთაშორისო ექსპერტის სტატუსი მიიღეს.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ინტერპოლის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო პრაქტიკისა და ცოდნის დანერგვას დადგენილი საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში კი – გადამზადებული ექსპერტების „კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის“ პროცესში ჩართვას, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე“, – აცხადებენ შსს-ში.