შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტები ინტერპოლის „კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის“ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას

17:03, 13.01.2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და ინტერპოლის გენერალური სამდივნოს აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საერთაშორისო ექსპერტები – ირაკლი ვერულაშვილი და გიორგი უკლება ინტერპოლის გენერალური სამდივნოს „კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის“ (DVI) სამომავლო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსმა (მთავარმა ექსპერტმა), პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ვერულაშვილმა და ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტმა, პოლიციის კაპიტანმა გიორგი უკლებამ წარმატებით გაიარეს ტრენინგი თემაზე „კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია“ (DVI).

„სწავლების დასრულების შემდეგ ქართველმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა საერთაშორისო ექსპერტის სტატუსი მიიღეს.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ინტერპოლის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო პრაქტიკისა და ცოდნის დანერგვას დადგენილი საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში კი – გადამზადებული ექსპერტების „კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის“ პროცესში ჩართვას, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი