შსს-ს ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრიგოლ ბაკურაძე, რომელსაც ყოფილი მეუღლე, დეა გოშხეთელიანი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, 3 იანვარს ქუთაისში დააკავეს, თუმცა მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი აღნიშნულ თემაზე ქუთაისის სამმართველოს უფროსს ესაუბრა.
„სამმართველოს უფროსმა განაცხადა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ. ბ, რომელმაც მის ყოფილ მეუღლეს და ყოფილი მეუღლის მამას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო გ. ბ-ს წარედგინა ბრალდება, რის შემდეგაც ქუთაისის პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გ. ბ-ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 3000 ლარის ოდენობით. გირაოს გადახდის შემდეგ გ.ბ. გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადეს შსს-ში.
22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს, გრიგოლ ბაკურაძეს, ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და ითხოვს, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.