დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და მის დასჯას ითხოვს
დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და მის დასჯას ითხოვს

22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს, გრიგოლ ბაკურაძეს, ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბაკურაძე თავს 3 იანვარს დაესხა და მასა და მამამისს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა.

„3 იანვარს სახლში მოგვივარდა და მე და მამაჩემს ფიზიკურად გაგვისწორდა. მამაჩემი ისეთი ნაცემია, რომ ცხვირის ოპერაცია სჭირდება. იმ დღესვე საჩივარი დავწერე, თუმცა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, თავი დაცულად ვიგრძნო. რა გარანტია მაქვს, რომ გათავისუფლების შემდეგ, კიდევ არ შემომივარდება?!“, – განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.

დეა გოშხეთელიანი პირველ არხთან აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე ფიზიკურ შეურაცხყოფას განქორწინებამდეც აყენებდა.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩემი ყოფილი მეუღლე ჩემზე ძალადობს. მას აქვს იარაღის რამდენიმე სახეობა, მათ შორის ავტომატი და მოვითხოვ მის დასჯას კანონის სრული ძალით, რათა მე და ჩემმა შვილმა შიშის გარეშე ცხოვრება შევძლოთ“, – განაცხადა პირველ არხთან დეა გოშხეთელიანმა.

მისივე თმით გრიგოლ ბაკურაძე არის ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორის შვილი. ქალი ეჭვობს, რომ მისი ყოფილი ქმრის აღნიშნული ქმედებები მამის თანამდებობრივი უფლებამოსილებისა და გავლენების გამო არ ისჯება.

გრიგოლ ბაკურაძე, რომელსაც ყოფილ მეუღლესა და სიმამრზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან, ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ 3 იანვარს, დეა გოშხეთელიანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება ჩატარდა და მისი ყოფილი მეუღლე სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა. ასევე, უწყების ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.