შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოკრულია ბანერები, სადაც წერია, რომ ტერიტორია არის დაცული და შესვლა აკრძალულია, – ამის შესახებ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ყაყიჩაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამკრძალავი ნიშნების მიუხედავად, მოქალაქეები ტერიტორიაზე მაინც შევიდნენ.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, ორი მამაკაცი ტერიტორიაზე სოკოს შესაგროვებლად გადავიდა, რა დროსაც მეტალის ნივთი იპოვეს. მისივე თქმით, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ ნივთი გადააგდო.
„გამოკრულია ბანერები, სადაც წერია, რომ ტერიტორია არის დაცული და შესვლა აკრძალულია. დანაღმვაზე არ არის საუბარი, რადგან ტერიტორიაზე შესვლა, ბანერების მიხედვით, არ შეიძლება, აკრძალულია. მიუხედავად ბანერებისა, მოქალაქეები შსს-ს განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ცენტრის პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიდნენ, როგორც ამბობენ, სოკოს შესაგროვებლად, რა დროსაც იპოვეს მეტალის ნივთი. ერთ-ერთმა მოისროლა ეს ნივთი, რომელიც აფეთქდა“, – განაცხადა გიორგი ყაყიჩაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებმა დაზიანებები მუცლისა და ფეხის არეში მიიღეს. პირველადი დახმარება ადგილზე მათ ადგილზე აღმოუჩინეს შსს-ს წარმომადგენლებმა, შემდეგ კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გიორგი ყაყიჩაშვილის თქმით, ერთ-ერთ დაშავებულს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. მისივე ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„შსს-ს თანამშრომლებმა ოპერატიულად იმუშავეს, აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები მუცლისა და ფეხის არეში ჰქონდათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა.
შემთხვევა კრწანისში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში დღეს მოხდა. დაშავებულია ორი პირი. ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია უტარდება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.