შსს-ს განმარტებით, მარიამ ჭანტურიას ავტომობილში ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა სასამართლოს განჩინებით განხორციელდა
შსს-ს განმარტებით, მარიამ ჭანტურიას ავტომობილში ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა სასამართლოს განჩინებით განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნული საქმის ერთ-ერთი მოწმის, მარიამ ჭანტურიას კუთვნილ ავტომობილში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით,  რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა მარიამ ჭანტურია დაიბარა მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, იმ დროს, როცა ჭანტურია პოლციის განყოფილებაში იმყოფებოდა, შენიშნა, რომ სამართალდამცველები მის ავტომობილში აუდიო-ვიდეო ტექნიკის დემონტაჟს ახორციელებდნენ, რის შესახებაც მან გენერალურ ინსპექციასა და საპატრულო პოლიციას აცნობა.

„მიმდინარე წლის 20 აპრილს რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა მოქალაქე მ.ჭ., მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით დაიბარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის და 6 მარტის განჩინებების საფუძველზე, 2018 წლის 6 აპრილამდე, აღნიშნული საქმის ერთ-ერთი მოწმის – მ.ჭ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა.

2018 წლის 20 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის მოხსნის თაობაზე.

იმ დროს, როდესაც მ.ჭ. პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სამართალდამცველები განყოფილების ეზოში სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის დემონტაჟს ახორციელებდნენ, რაც მ.ჭ.-მ შენიშნა და ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საპატრულო პოლიციას აცნობა.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მ.ჭ. დაბარებულ იქნა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, რათა გაეცნოს მის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერ საფუძველს – სასამართლოს განჩინებასა და ინფორმაციას საგამოძიებო ღონისძიების დასრულების თაობაზე“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გიორგი ჭანტურიამ და მისმა დამ სამართალდამცველები თვალთვალში დაადანაშაულეს. როგორც მათ რუსთავში, პოლიციის მესამე განყოფილებასთან განაცხადეს, მარიამ ჭანტურიასა და მათი მამის ავტომობილებში პოლიციამ მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟა.