შსს-ს გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს
შსს-ს გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სპეციალიზებულმა 50-მდე გამომძიებელმა დამატებითი გადამზადების 5-დღიანი კურსი გაიარა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველ ეტაპზე, განგრძობითი სპეციალიზაციის ტრენინგისთვის გამომძიებლები იმ ქალაქებიდან და რაიონებიდან შეირჩა, სადაც ყველაზე მაღალია არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების მაჩვენებელი.

„გადამზადების კურსი ორიენტირებული იყო როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ, ასევე, დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებზე. სწავლება მოიცავდა როგორც შიდა და საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს, ასევე, ბავშვებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდის მიზნით, ტრენინგში, ასევე, მონაწილეობდნენ სასამართლოს, პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მანდატურის სამსახურის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებმას ერთად განიხილეს ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებული გამოწვევები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია უწყებაში სპეციალიზაციის მაღალი სტანდარტის დანერგვა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზებული გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.