შსს - „ქართული მარშის“ წევრები გურამ კაშიას მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე გადაყვანილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 29 აგვისტოს გურამ კაშიას მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, სწორედ აღნიშნული გამოძიების ფარგლებში გადაიყვანეს „ქართული მარშის“ წევრები გამოკითხვაზე.
„მიმდინარე წლის 9 სექტემბერს აღნიშნული გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, გამოკითხვის მიზნით, მოწმის სტატუსით იკითხებიან „ქართული მარშის“ წევრები: კონსტანტინე მორგოშია, მიხეილ ამისულაშვილი, რამაზ გაგნიძე, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელი – გურამ ფალავანდიშვილი“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„ქართული მარშის“ რამდენიმე წევრის გამოკითხვაზე გადაყვანის შესახებ დღეს საღამოს გახდა ცნობილი.