შსს – „ქართული მარშის“ წევრები გურამ კაშიას მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე გადაყვანილი

21:30, 09.09.2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 29 აგვისტოს გურამ კაშიას მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, სწორედ აღნიშნული გამოძიების ფარგლებში გადაიყვანეს „ქართული მარშის“ წევრები გამოკითხვაზე.

„მიმდინარე წლის 9 სექტემბერს აღნიშნული გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, გამოკითხვის მიზნით, მოწმის სტატუსით იკითხებიან „ქართული მარშის“ წევრები: კონსტანტინე მორგოშია, მიხეილ ამისულაშვილი, რამაზ გაგნიძე, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელი – გურამ ფალავანდიშვილი“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„ქართული მარშის“ რამდენიმე წევრის გამოკითხვაზე გადაყვანის შესახებ დღეს საღამოს გახდა ცნობილი.

მსგავსი