საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გაიმართა.
როგორც შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა თორნიკე მარსაგიშვილმა განაცხადა, საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს ნ.კ.-ის განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს და განზრახვის აღსრულების მიზნით, ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ის მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან, გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფმა, ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად, დეტალურად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, აიღეს სხვადასხვა კვალი, ასევე, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღის მასრები და სხვადასხვა ნივთი.
საქმეზე დაიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის დანაშაულის უშუალო თვითმხილველები, გარდაცვლილის მეგობრები, ნაცნობები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
ჩვენებებისა და საქმის დეტალების ანალიზის საფუძველზე, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობისა და დანაშაულის მოტივის დასადგენად დაისახა რამდენიმე საგამოძიებო ვერსია, რომელთა გადასამოწმებლად ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდა ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება.
ოპერატიულმა ჯგუფმა უმოკლეს დროში მიაკვლია იმ ავტომანქანას, რომლითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ. აღნიშნული ავტომობილი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და ამოღებულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვლები.
დადგინდა ავტომანქანის მფლობელიც და მისი ჩვენების საფუძველზე, დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის – გ.კ.-ის ვინაობა.
ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მიერ ინტენსიურ რეჟიმში განხორციელებული თანმიმდევრული და კვალიფიციური მუშაობის შედეგად დადგენილ იქნა დანაშაულის ჩამდენი – უშუალოდ მსროლელი პირის – ა.ჭ.-ის ვინაობაც.
სამართალდამცველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდნენ მუშაობას ყველა იმ მტკიცებულების მოპოვების მიზნით, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულების მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.
გამოძიებამ მოიპოვა ბრალდებულთა გადაადგილების ამსახველი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების რამდენიმე ათეული ჩანაწერი და მოხდა მათი დეტალური დათვალიერება.
გაიჩხრიკა ათამდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის გ.კ.-ის მაღაზია, სადაც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, რაც ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.
საქმეზე ამოღებულ ნივთმტკიცებებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ოდოროლოგიური, ბალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების შედეგად დადგინდა, რომ გ.კ.-ის მაღაზიიდან ამოღებულ ა.ჭ.-ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა დენთის კვალი, ხოლო მასზე არსებული სისხლის ლაქები ეკუთვნის გარდაცვლილ ნ.კ.-ს.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ორივე პირს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით, დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
ძებნილ ბრალდებულთა დასაკავებლად ორიენტირებულ იქნა ყველა ოპერატიული დანაყოფი.
სამართალდამცველებმა, ძებნაში მყოფი ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს მუშაობა. ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, დაიკითხა ათეულობით მოწმე, დადგინდა იმ პირების ვინაობა, ვისთანაც შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ ბრალდებულებს, ასევე, დადგინდა ყველა ის ადგილი, სადაც ბრალდებულები დროებით თავს აფარებდნენ, გამოვლენილი იქნა ყველა ავტომობილი და მათი მძღოლების ვინაობა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ.
ბრალდებულები, სამართალდამცველებისთვის კვალის არევის მიზნით, პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას.
2021 წლის 7 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი წყნეთში დააკავეს.
პოლიციის მიერ დადგენილ იქნა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ბრალდებულები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს აფარებდნენ.
ორივე ბრალდებულმა დაკავებისას მიმალვა სცადა, თუმცა აქტიური დევნის შედეგად მოხდა მათი დაკავება.
ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახი იქნა მათი კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი გუშინ დააკავეს.
ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს 20 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებდა. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში.