შსს მარნეულის საკრებულოს წევრის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. მოსამართლის განჩინებით დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რ.ა. მოქალაქეს – შ.მ.-ს, 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს აღნიშნული თანხის ნახევარი – 1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი – მოგვიანებით უნდა გადაეცა.
შ. მ. და რ. ა. ერთმანეთს შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ. შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა რ.ა. მიმდინარე წლის 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მარნეულის საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი ცოტა ხნის წინ დააკავეს.