შსს-მ „საქართველოს ბანკზე“ გუშინ მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ბანკზე“ გუშინ მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.