მშენებლობაზე 16 წლის ახალგაზრდის დაღუპვასთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.
საქმე ეხება სამი დღის წინ, მშენებლობაზე 16 წლის ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტს.
სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.
„აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.